მარშალის გეგმა

“ლელო” გთავაზობთ „მარშალის გეგმას” საქართველოსთვის. ესაა დეტალური გეგმა ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის შესახებ.
2024 წლის არჩევნებზე “ლელო” განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამ კომპლექსურ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს.
“მარშალის გეგმა” წარმოადგენს ამ პრობლემების მოგვარების გზას.

გაეცანი სრულად „ლელოს“ „საქართველოს დაცვის აქტს“ – შევაჩეროთ რუსების შემოდინება საქართველოში, შევზღუდოთ რუსების მიერ ქართული მიწის დასაკუთრება და შევამციროთ მათი გავლენა ჩვენს ქვეყანაში.

პენსია გახდება 1000 ლარი და დარეგულირდება მისი ყოველწლიური ზრდა ეკონომიკის განვითარების პარალელურად.

ჩვენი მიზანია, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები: ქართული ოცნების პოლიტიკამ საქართველო იმ 200 000 სამუშაო ადგილის გარეშე დატოვა, რომელიც განვითარების ნორმალური ზრდის პირობებში უნდა გვქონოდა. „ლელოს“ შეუძლია ქართული ოცნების ეს უდიდესი შეცდომა გამოასწოროს ანაკლიის პროექტისა და სხვა მეგაპროექტების დასრულებით და შექმნას 200 000 ათასი სამუშაო ადგილი. ჩვენი პრიორიტეტია ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული „მწვანე ტექნოლოგიების“ დანერგვა; გარანტირებული ანაზღაურებადი სტაჟირება ყველა კურსდამთავრებულისთვის. სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას ქართველებისთვის და არა რუსებისთვის!

 

საქართველოს დაცვის აქტი

01. ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება.

ლელო აღადგენს მკაცრ სავიზო მოთხოვნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.

02. დაიცავს სამუშაო ადგილებს ქართველებისთის

დღეს უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი რუსების შემოდინებაა, რომლებმაც სამუშაო ადგილებზე ქართველები ჩაანაცვლეს. “საქართველოს დაცვის აქტი” ზღუდავს რუსეთის მოქალაქეების მუშაობის უფლებას, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გაუხსნის ქართველებს.

03. ზღუდავს რუსებისთვის მიწის შესყიდვას

არაფერი გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს ისე, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ეკუთვნის ჩვენს ხალხს და არა ოკუპანტს. დაუშვებელია, რომ ოკუპანტს აქვს ჩვენთან შემოსვლის და მიწების თავისუფლად შეძენის უფლება. „საქართველოს დაცვის აქტი“ მთლიანად კრძალავს ქართული მიწის რუსეთის მოქალაქეებზე ან რუსეთის საკუთრებაში არსებულ ბიზნესებზე მიყიდვას.

04. კრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციას ან შემოსვლას

05. კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას

აღმაშფოთებელია, რომ ქართული ოცნება მილიონობით გადასახადის გადამხდელის ფულს რუსეთში გზავნის, რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერების გადაცემით.

06. უწესებს “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესებს:

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ქართული მიწის ოკუპაციას ახდენს, აქ მცხოვრებმა რუსებმა კომპენსაცია ჩვენთვის უნდა გადაიხადონ. „საქართველოს დაცვის აქტი“ ყველა ბიზნესზე რუსეთის მოქალაქეებისთის მუნიციპალურ საოკუპაციო გადასახადს დააწესებს.საფასურიდან მიღებული თანხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.

07. ხელახლა აწესებს აკრძალვას პირდაპირ ფრენებზე რუსეთთან

08. კრძალავს საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას

მიუღებელია საოკუპაციო ძალის პროპაგანდის მაუწყებლობა. „საქართველოს დაცვის აქტი” შეაჩერებს რუსული პროპაგანდისტული არხების უკონტროლო მაუწყებლობას საქართველოში.

09. კრძალავს რუსულ ფონდებს

„საქართველოს დაცვის აქტი“ კრძალავს საქართველოში რუსული ფონდების ფუნქციონირებას, რომლებიც ემსახურებიან კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას.

მანიფესტი

ლელო საქართველოსთვის 

პოლიტიკური მანიფესტი

ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს.

ეს გზა გადის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ ეკონომიკაზე, ღირსეულ და დასაქმებულ მოქალაქეზე

01

თავისუფალი ადამიანი

ჩვენ გვწამს თანამედროვე ადამიანის უმთავრესი მონაპოვრის – პიროვნული თავისუფლების და ვთვლით, რომ ადამიანი თავისუფლებისათვის არის შექმნილი. მას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრების შექმნაში იყოს თავისუფალი, მისი ღირსება იყოს ხელშეუხებელი და იცხოვროს პირადი მრწამსისა და მსოფლმხედველობის მიხედვით.

02

შინ ევროპისკენ - ისტორიულ წიაღში დაბრუნება

საქართველო მრავალათასწლოვანი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ამავდროულად, საქართველო ყოველთვის იყო კარიბჭე ცივილიზაციათა გზაგასაყარზე. სწორედ ამ უნიკალური მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში, როგორც ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი. ამ გზას მივიჩნევთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად.

03

სახელმწიფო პატრიოტიზმი

ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, წვლილი შეიტანოს თანამედროვე, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს მშენებლობაში, პატივს სცემდეს საკუთარ ისტორიას, კულტურასა და იდენტობას. სახელმწიფოს ვალია, რომ განათლების სისტემის საშუალებით, ხელი შეუწყოს სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის განვითარებას.

04

კანონის უზენაესობა

ჩვენ გვჯერა რომ, პიროვნული თავისუფლება და კეთილდღეობა შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ ისეთ სახელმწიფოში, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, კანონი ეფუძნება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებას. კანონის უზენაესობაა ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცულობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობის გარანტია ჩვენს საზოგადოებაში.
05

მცირე მთავრობა

ლელოს ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს „მცირე მთავრობის“ მოდელი და საბიუჯეტო/ფისკალური პასუხისმგებლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეფექტური მმართველობა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინოვაციურობის პრინციპებს.  ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის ზომა სისტემატიურ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო რეგულაციები ხელს უნდა უწყობდეს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

06

დაცული საკუთრება და თავისუფალი ეკონომიკა - მდიდარი საქართველოს ფორმულა

ლელოში მტკიცედ გვწამს, რომ კერძო საკუთრება ადამიანის თავისუფლების საფუძველი და მისი განხორციელების წინაპირობაა. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ამ ხელშეუხებლობის დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. საკუთრების უფლებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტია ღია და თავისუფალი ეკონომიკა. საქართველოს სწრაფი და ნახტომისებრი განვითარების ფორმულაა თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი ვაჭრობა.

07

თანაბარი შესაძლებლობები

ლელოს მიაჩნია, რომ ადამიანების სწრაფვა ბედნიერებისა და კეთილდღეობისკენ თანაბარ პირობებში უნდა ხდებოდეს.

ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფალი კონკურენციის გარემოში, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები გააჩნია და ცოდნა და უნარები არის ადამიანის წინსვლის მთავარი პირობა.

08

ერთიანი და ძლიერი საქართველო

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს გამთლიანების გზა არის სრულად მშვიდობიანი პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ თავიდან უნდა ვისწავლოთ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან თანაცხოვრება. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის უდიდეს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს და ერთად ვაშენებთ ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს.

ჩვენ შევძლებთ, დავიბრუნოთ საქართველო!